იმერეთის მღვიმეები

დასავლეთ საქართველოში ბევრი გამოქვაბულია, რომელთა ნაწილი (მაგალითად, სათაფლია) საკმაოდ კარგადაა შესწავლილი და ტურისტების მიერ მისი ბილიკები არაერთგზისაა გათელილი. რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპლექსი წყალტუბოს რაიონში მდებარეობს – ზემოთხსენებული სათაფლია, ყუმისთავის (იგივე პრომეთეს) მღვიმე, თეთრი მღვიმე და ა.შ. რაც ყველაზე კარგია, ზემოთჩამოთვლილი ობიექტების საფუძვლიანი დათვალიერება ერთი დღის განმავლობაშია შესაძლებელი – ალბათ ცოტათი დაიღალოთ, სამაგიეროდ შთაბეჭდილება მართლაც ბევრი დაგრჩებათ, სიამოვნება კი საკმაოდ იაფი – თითქმის მხოლოდ მგზავრობის ღირებულება დაგიჯდებათ. ყუმისთავის (პრომეთეს) მღვიმე ამავე სახელწოდების სოფელში, წყალტუბოდან მანქანით 15-20 წუთის სავალზე მდებარეობს. თავად წყალტუბოში კი ქუთაისიდან ასევე ოციოდე წუთში (ნაკლებში თუ არა) თავისუფლად მოხვდებით. საქართველოს გეოგრაფიული ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, ჯ. ჯიშკარიანის მიერ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში აღმოჩენილი ეს მღვიმე ამჟამად რეაბილიტირებულია, აქ არის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვიზიტორთა ცენტრი, ხოლო გამოქვაბულთა კომპლექსი აწ უკვე პრომეთეს მღვიმის სახელწოდებით იღებს უამრავ ტურისტს.პრომეთეს“ მღვიმე წყალტუბო-ცაგერის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეზე გაშენებულია სოფ. ყუმისთავი, სადაც 1983 წლის 15 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა - ჯუმბერ ჯიშკარიანმა, ამირან ჯამრიშვილმა, ვახტანგ კაპანაძემ და თამაზ ქობულაშვილმა აღმოაჩინეს ახალი მღვიმე, რომელსაც თავდაპირველად „წყალტუბო“ უწოდეს. მღვიმე ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმეში არის ულამაზესი ტბა. აღმოჩენილია 16 დარბაზი. თითოეული მათგანი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან მასშტაბითაც და გაქვავებული ჩამონაღვენთების განუმეორებელი ფორმით. ყველაზე ლამაზ დარბაზს, რომელიც გამოირჩევა სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების სიმაღლით „რუსთველის“ სახელი უწოდეს. „პრომეთეს“ მღვიმე ერთ-ერთი უმდიდრესია განზომილებით, გამკვრივების მრავალსახეობით, მიწისქვეშა მდინარეების მნიშვნელობით და პეიზაჟის მრავალფეროვნებით, იგი წარმოადგენს დიდი მღვიმეების საერთაშორისო დონის ტურისტულ მღვიმეს. „პრომეთეს“ მღვიმე მნიშვნელოვანია თავისი მრავალფეროვნებითა და ბუნებრივ-ესთეტიკური მონაცემებით. მღვიმეში წარმოდგენილია აბსოლუტურად ყველა სახის მიწისქვეშა კარსტული ფორმა: სტალაქტიტი, სტალაგმიტი, ჰელიქტიტი, ფარდები, ტრავერტინები, გურები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარე, მიწისქვშა ტბები და სხვა. ამჟამად მიმდინარეობს პრომეთეს მღვიმის კეთილმოწყობითი სამუშაოები, რომლის ხარჯთაღრიცხვა 15.0 მლნ. ლარს შეადგენს. მღვიმე, რომელიც წყალტუბოდან ყუმისთავის მიმართულებით 5-6 კილომეტრში მდებარეობს შესაძლოა დასავლეთ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტად იქცეს. იგი მთელი წლის განმავლობაში თვისობრივად ახალ ტურისტულ პროდუქტს შესთავაზებს უცხოურ თუ ადგილობრივ ტურისტებს. ტბაზე ტურისტები ნავებში ჩასხდებიან, არგონავტების კოსტუმებში გამოწყობილი მგზავრები საწმისის გატაცების თანამონაწილეები გახდებიან. პროექტის მიხედვით ქუთაისსა და ბათუმს შორის „დირიჟაბლის“ ფრენაცაა განსაზღვრული. სპეციალისტების პროგნოზით, მღვიმის თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმარება საქართვლოს ტურიზმისათვის უდიდს როლს შეასრულებს. მღვიმეში წელიწადში 300 ათასზე მეტ ტურისტს ელოდებიან.

2 comments: